გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას, წერილით მიმართა და მოუწოდა, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, გამონაკლისის გარეშე, "სამართლიანი წვლილი" შეიტანოს უკრაინისთვის განკუთვნილი მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარების დეფიციტის დაფარვაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიის მთავრობის მეთაური ირიბად დაიმუქრა სხვა ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებების ბლოკირებით, იტყობინება dpa.
"უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მზადყოფნის საერთო დადასტურება - აუცილებელი პირობაა ამ პრობლემის გადასაჭრელად და სხვა საკითხების განსახილველად, განსაკუთრებით კი იმათი, რომლებსაც ფინანსური შედეგები მოჰყვება", - ნათქვამია მერცის წერილში, რომლის ტექსტიც სააგენტომ მოიპოვა. საუბარია 45 მილიარდ ევროზე, რომელიც უკრაინას მომავალი წლისთვის აკლია, აღნიშნავს dpa.
გარდა ამისა, გერმანიის კანცლერი ითხოვს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში მოიძებნოს გამოსავალი უკრაინის მდგრადი, მრავალწლიანი დაფინანსების უზრუნველსაყოფად, რომელიც უკვე მეხუთე წელია რუსულ აგრესიას იგერიებს. "უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი განუყოფელი ევროპული უსაფრთხოების საკითხია და ეს პრინციპი ამ მხარდაჭერის ტვირთის განაწილებაზეც უნდა ვრცელდებოდეს", - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.
წერილში ის მოუწოდებს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს, ეს საკითხი პრიორიტეტულად აქციოს ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე, რომელიც 13 ნოემბერს დუბლინში გაიმართება.




