ესპანეთში, ასტურიის ქალაქ სიეროს მერი ბიუჯეტიდან ოფისისთვის ყავის აპარატში 1225 ევროს გადახდის გამო გააკრიტიკეს.

სიეროს სოციალისტი მერი ანხელ გარსია მემარცხენე პარტია პოდემოსის წარმომადგენლის სილვია ტარანოს კრიტიკის ქვეშ მოექცა ქალაქის ბიუჯეტიდან თავისი ოფისისთვის ყავის აპარატში 1225 ევროს გადახდის გამო.

სილვია ტარანომ ფასის რეალურობაც ეჭვქვეშ დააყენა და იკითხა, არსებობდა თუ არა ინვოისი და თუ მიეცემოდათ მისი ნახვის საშუალება დაინტერესებულ პირებს.

ანხელ გარსიამ კითხვის ავტორი ყავაზე დაპატიჟა და შეეცადა დაერწმუნებინა იგი, რომ ყავა ძალიან გემრიელი იყო და თავად დიდ სიამოვნებას იღებდა, როდესაც დილაადრიანად, ახალი გაღვიძებული, მას სვამდა და უკვე შემდეგ პლენარულ სხდომაზე მიდიოდა.

რძის დამატებაც შეიძლება, გარწმუნებთ, რძე აგრეთვე შესანიშნავია, - თქვა მერმა და მუნიციპალიტეტის საბჭოს სხვა წევრებს მიმართა:

„ყველას გეპატიჟებით ყავაზე. როცა გინდათ. გთხოვთ, ტორტი მოიტანოთ ან სახლში ნამცხვრები თუ გაქვთ მე ძალიან მიყვარს".

სილვია ტარანომ თავისი კითხვის და მერის პასუხის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვიდეო ორ დღეში 350 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.


ესპანური პრესა მკითხველს შეახსენებს, რომ ქალაქის მერი ანხელ გარსია 2021 წელს მეზობელთან ჩხუბის გამო იყო გასამართლებული. საბრალდებულო დასკვნის თანახმად, მას მეზობელთან სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მოუვიდა ჩხუბი და ერთ მომენტში მას ყელში ხელი წაუჭირა, კედელთან მიიყვანა და უყვიროდა: „მე შენ მოგკლავ. თავს წაგაცლი, ძაღლიშვილო. @@@".

სასამართლომ მაშინ მერი წვრილმანი ხულიგნობისთვის 270 ევროთი დააჯარიმა და მას აგრეთვე დააკისრა მეზობლისთვის სხეულის დაზიანების გამო 219 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა.