ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა "მოსადმა" ამერიკელ კოლეგებს აცნობა, რომ ირანი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სხვა მაღალჩინოსან ამერიკელ მოხელეებზე თავდასხმას გეგმავს. ამის შესახებ ისრაელის გაზეთმა Israel Hayom-მა ისრაელისა და აშშ-ის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით განაცხადა.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ეს სადაზვერვო მონაცემები კიდევ ერთმა დასავლურმა სპეცსამსახურმა დაადასტურა. Israel Hayom ასევე ამტკიცებს, რომ გაფრთხილების მიღების შემდეგ აშშ-ში რიგი მაღალჩინოსნების მიმართ უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

გაზეთის წყაროების ცნობით, ამერიკული დაზვერვა ირანის მხრიდან მსგავსი საფრთხეების შესახებ ინფორმაციას მანამდეც ფლობდა და ისრაელელებს მისი გადამოწმების თხოვნით მიმართა. საპასუხოდ "მოსადმა" ეს სადაზვერვო მონაცემები დაადასტურა.

პუბლიკაციის მომენტისთვის თეთრი სახლის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ან აშშ-ის სხვა ოფიციალური უწყებების მხრიდან ამ ცნობების დამოუკიდებელი დადასტურება არ გავრცელებულა. მანამდე საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ აშშ-ში ვიზიტით მყოფი "მოსადის" დირექტორი რომან გოფმანი 13 ნოემბერს, სხვა პირებთან ერთად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ ჯონ რეტკლიფს შეხვდა.