ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების მედია ავრცელებს.

შეერთებული შტატების მედია იუწყება, რომ ახალი წლის დილით ახალ ორლეანში საახალწლო ზეიმის მონაწილეებზე თავდასხმაში ბრალდებული პირი, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  შამსუნ დინ ჯაბარია.  

42 წლის შამსუნ დინ ჯაბარი ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის მკვიდრია. მან ახალ ორლეანში განზრახ დააჯახა პიკაპი საახალწლო ზეიმის მონაწილეებს, შემდეგ კი მანქანიდან გადმოვიდა პოლიციელებს აუტეხა სროლა. პოლიციამ იგი საპასუხო სროლის დროს მოკლა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტომობილის ხალხზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია 10 და დაშავებულია 35 ადამიანი.

ზოგიერთი გამოცემის თანახმად, ჯაბარის პიკაპში ISIS-ის დროშა ნახეს, თავად იგი კი სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი.

ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კონკრეტული დეტალების აღნიშვნის გარეშე დანაშაული არალეგალურ მიგრაციას დაუკავშირა და დაწერა:

„შემოსული კრიმინალები ბევრად უარესები არიან, ვიდრე ის კრიმინალები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გვყავს“.

მედია წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გამოძიებას თავდასხმის მომზადებასა და მონაწილეობაში, სულ მცირე, ოთხი-ხუთი ეჭვმიტანილი ჰყავს.

განახლება  2 იანვარი 00:50
ბოლო ინფორმაციით, შამსუნ დინ ჯაბარი შეერთებული შტატების არმიის ვეტერანია.

ბოლო განახლება 2 იანვარი 06:52
უახლესი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.