ასეთი განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა შვიდნიკში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

მატეუშ მორავეცკიმ შვიდნიკში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის.

ჩვენ ეს ვიცით და ვეხმარებით მათ იარაღით. ახლა, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ ვიარაღდებით, მაგრამ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად შექმნილი ჰაბი ჟეშუვში, ეს სპეციალური ლოგისტიკური ცენტრი, მუშაობდა, მუშაობს და იმუშავებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.  

„მაგრამ მე ასევე მინდა ვუთხრა პრეზიდენტ ზელენსკის, აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც მან ეს გააკეთა ახლახან გაეროში სიტყვით გამოსვლისას. პოლონელები ამას არასოდეს დაუშვებენ. პოლონეთის კეთილი სახელის დაცვა კი არა მხოლოდ ჩემი პატივი და მოვალეობა, არამედ პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. ჩვენ დავიცავთ ყველა ჩვენს არგუმენტს ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ვიცით, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს არგუმენტები", - განაცხადა მორავეცკიმ.

შეგახსენებთ, რომ კიევსა და ვარშავას შორის წარმოქმნილი გარკვეული დაძაბულობა ევროკომისიის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით პოლონეთის უარყოფით პოზიციას და მის მიერ აკრძალვის კვლავ გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას მოჰყვა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა საგანგაშო უწოდა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით დავას.

„საგანგაშოა, ზოგიერთები ევროპაში, ზოგიერთები ჩვენი მეგობრებიდან, მარცვლეულით თრილერს რომ დგამენ და პოლიტიკურ თეატრში სოლიდარობას თამაშობენ. შეიძლება მოჩანდეს, რომ ისინი თამაშობენ თავიანთ როლს, მაგრამ სინამდვილეში ისინი დამხმარეები არიან მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას.