საფრანგეთში ტყის ხანძრების კონტროლი კიდევ უფრო გართულდა. ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ჟირონდის დეპარტამენტში. ოთხშაბათს, სომოში გაჩენილმა ცეცხლმა უკვე 42 000 ჰექტარი მოიცვა, რის გამოც 220 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაშავებულია 84 მეხანძრე-მაშველი.
ცეცხლის კერების ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ზემო კორსიკაში, ვარში, ზემო ალპებსა და ლანდებშიც. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა France 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანა „არანორმალურად მასშტაბურ“ კრიზისს განიცდის. ამ დროისთვის აქტიური კერები კვლავ რჩება ჟირონდაში, ლანდებში, ვარსა და ზემო კორსიკაზე. შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესის ცნობით, წლის დასაწყისიდან დღემდე საფრანგეთში ცეცხლმა სულ 115 000 ჰექტარი ფართობი გადაწვა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია და წინა წლების მონაცემებს ბევრად აღემატება. „ჩვენს მეხანძრეებს ყოველდღიურად ერთდროულად 30-დან 40-მდე ხანძრის ჩაქრობა უწევთ“, — აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ცეცხლის გაჩენის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, ჟირონდის, ლანდებისა და ვარის რეგიონებში სიტუაცია კვლავ მძიმე და უმართავია.









