ასეთი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ  ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ დასრულდა.

„ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ დასრულდა. როგორც კი პრეზიდენტმა კონგრესს აცნობა, ჩვენ დავასრულეთ ეს ფაზა. ახლა ჩვენ დავიწყეთ ოპერაცია „თავისუფლების პროექტი“- განაცხადა რუბიომ და დასძინა:

„ეს არ არის შეტევითი ოპერაცია, ეს არის თავდაცვითი ოპერაცია, რაც ძალიან მარტივ რამეს ნიშნავს: ჩვენ მხოლოდ მაშინ ვესვრით, როცა გვესვრიან. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუპასუხებთ, თუ პირველები თავს დაგვესხმებიან“.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ირანის ლიდერებს მოუწოდა, შეერთებულ შტატებთან ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები აწარმოონ.

„დროა, ირანმა რაციონალური არჩევანი გააკეთოს. ცხადია, მათთვის ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, რადგან მათი ლიდერობის სისტემა გახლეჩილია და, გარდა ამისა, რომ მთავრობის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებს, რბილად რომ ვთქვათ, რაღაც ვერ აქვთ რიგზე“.

ომის შედეგად შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასების გაზრდის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკელები უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე სხვა ქვეყნები და რომ სიტუაცია უარესი იქნებოდა, თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნებოდა.

„ყველამ ასე უნდა იფიქროს: თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნებოდა და გადაწყვეტდა სრუტის დახურვას და ბენზინის ფასის  დაწესებას გალონზე 9 ან 8 დოლარის ფარგლებში, ჩვენ ვერაფერს ვიზამდით. ბირთვული იარაღის მქონე ირანს შეეძლებოდა სრუტეებში გაეკეთებინა ის, რასაც მოინდომებდა და ვერავინ ვერ დაუშლიდა“, - განაცხადა რუბიომ.