საფრანგეთში აცხადებენ, რომ ახალგაზრდებისგან 10-თვიან ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურზე უკვე იმაზე მეტი განაცხადი შევიდა, ვიდრე თავდაპირველად ადგილები იყო გამოყოფილი.
Le Figaro-ს ცნობით, ახალგაზრდების გაწვევის ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა არნო გუჟონმა სამშაბათს განაცხადა, რომ 10-თვიანი ეროვნული სამსახურით დაინტერესებული ახალგაზრდებისგან 2300-ზე მეტი განაცხადი მიიღეს.
ამავდროულად, პროგრამით გათვალისწინებული იყო 1800 ადგილი, ხოლო განაცხადების მიღება ჯერ არ დასრულებულა.
"დღეისათვის მაქვს 2300-ზე მეტი განაცხადი, საიდანაც 1600 ახალგაზრდა შეფასების მოლოდინშია, ხოლო 260-მა უკვე მიიღო მიმართვა კონკრეტულ ადგილზე," - განაცხადა გუჟონმა არმიის გენშტაბის უფროსთან, გენერალ პიერ შილთან ერთად ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს.
ერთთვიანი საბაზისო მომზადების შემდეგ, წვევამდელები ჩაირიცხებიან ქვედანაყოფებში, სადაც მათ სამედიცინო ჩვენებების, მოტივაციისა და არმიის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით შეარჩევენ. ისინი თვეში დაახლოებით 800 ევროს მიიღებენ და სამსახურის ათი თვის განმავლობაში საცხოვრებლით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება უაღრესად საინტერესო გამოცდილება ახალგაზრდებისთვის და ასევე ჩვენთვის, არმიისთვის. მიმაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს თავდაცვის სულისკვეთების განვითარებას," - ხაზგასმით აღნიშნა გენერალმა შილმა.




