რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

 ამის შესახებ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტსა და მის ამერიკელ კოლეგას შორის საუბარი საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.

ამასთან, „ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ლიდერებმა მიმდინარე ომი განიხილეს, სადაც რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ სამხედრო მოქმედებების განახლებას შესაძლოა, „მძიმე შედეგები“ მოჰყვეს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის დაწყება სრულიად „მიუღებელი და საშიში“ იქნებოდა.

რუსული მედიის ცნობით, ეს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გამართული მე-12 სატელეფონო საუბარია, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი 2025 წლის დასაწყისში თეთრ სახლში დაბრუნდა.

ორი ქვეყნის ლიდერებს შორის წინა სატელეფონო საუბარი 9 მარტს გაიმართა.