კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას მიმდინარე ეპიდემიას, ოფიციალური მონაცემებით, 2 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ვირუსის გავრცელების ტემპი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ებოლას 4 381 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 2 011 ლეტალური შედეგით დასრულდა.
ეპიდემიის მასშტაბები განსაკუთრებით მზარდია — თუ ვირუსის პირველი 1,000 მსხვერპლის დასაფიქსირებლად დაახლოებით 9 კვირა დასჭირდა, მომდევნო 1,000 ადამიანის გარდაცვალებას სულ რაღაც 3 კვირა დასჭირდა.
ამჟამინდელი აფეთქება გამოწვეულია ებოლას იშვიათი — ბუნდიბუგიოს შტამით, რომლის წინააღმდეგაც დამტკიცებული ვაქცინები ან მკურნალობის სტანდარტული მეთოდები ამ დრომდე არ არსებობს, თუმცა იტურის რეგიონში კლინიკური კვლევები უკვე დაწყებულია.
ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და ექიმების განცხადებით, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ართულებს რეგიონში არსებული შეიარაღებული კონფლიქტები, რთული ინფრასტრუქტურა და შორეულ დასახლებებთან წვდომის პრობლემები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ვირუსი რეაგირების არსებულ ტემპს უსწრებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული ეპიდემია საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხედ გამოაცხადა, ადგილზე კი მობილიზებულია საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.




