ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ხუთშაბათს ჩრდილოეთ კორეის არმიის სატანკო ქვედანაყოფების წვრთნას ეწვია. სახელმწიფო სააგენტო KCNA-ს ცნობით, მან მონაწილეობა მიიღო წვრთნებში, თავად მართავდა ახალი მოდელის ტანკს, რომელსაც უწოდა "ყველაზე ძლიერი მსოფლიოში".
ეს მესამე წვრთნაა, რომელსაც კიმ ჩენ ინი დაესწრო ბოლო 11 დღის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. სწავლებაში მონაწილეობს არტილერია, სატანკო ჯარები, ჯავშანტექნიკა და ავიაცია.
ჩრდილოეთ კორეა ჩვეულებრივ უარყოფითად საუბრობს სამხრეთ კორეის არმიისა და მოკავშირეების სწავლებებზე და აცხადებს, რომ ისინი თავდასხმისთვის ემზადებიან. სამხრეთ კორეა მხოლოდ თავდაცვით მიზნებზე საუბრობს.
წვრთნების წინა ორი ეტაპზე, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი ცოტა ხნის წინ დაესწრო, არტილერია და ქვეითი ჯარი იყო ჩართული.
ჩრდილოეთ კორეის პრესის ცნობით, კიმ ჩენ ინმა წვრთნების დროს სატანკო ეკიპაჟებს მოუწოდა, „აიმაღლონ მორალი“ და „მოემზადონ ომისთვის“. მანამდე, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო დაემუქრა სამხრეთ კორეას სამხედრო ზომებით შეერთებული შტატების ერთობლივი წვრთნების საპასუხოდ.
2023 წლის დეკემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა უბრძანა თავის ჯარს, საბრძოლო მასალის მრეწველობას და ბირთვული იარაღის სექტორს, დაეჩქარებინათ ომისთვის მზადება.