„ეიბისი ნიუსის" ცნობით, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ რალიში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თავისი ეკონომიკური პროგრამის შესახებ ისაუბრა.
მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მისი პრიორიტეტი ფასების დაწევა და ამერიკელების ეკონომიკური უსაფრთხოების გაზრდა იქნება. მისი თქმით, ის შეეცდება საშუალო ფენისთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ააშენოს და ასევე იმუშავებს სურსათზე ფასების შემცირების მიმართულებით.
კამალა ჰარისის გეგმა 25 ათას დოლარამდე თანხის გამოყოფას ითვალისწინებს სამუშაოს მქონე იმ ოჯახებისთვის, რომლების სახლს პირველად იძენენ და რომლებსაც, ამასთან ერთად, ბოლო ორი წლის განმავლობაში დროულად აქვთ გადახდილი ქირა. დახმარებას მიიღებენ აგრეთვე სახლის მფლობელთა პირველი თაობის წარმომადგენლები.
მან ასევე განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს 3 მილიონი ახალი საცხოვრებლის აშენებას, რათა დასრულდეს საცხოვრებლის დეფიციტი და „უზრუნველჰყოფს, რომ ეს სახლები რეალურად მიეცეს სამუშაო მქონე და საშუალო კლასის ამერიკელებს და არა მხოლოდ ინვესტორებს".
კამალა ჰარისმა პირობა დადო, რომ იმუშავებდა, რათა დაწესებულიყო კვების პროდუქტების და საბაკალეო საქონლის ფასების კორპორაციული ზრდის ფედერალური აკრძალვა.
კამალა ჰარისის ამერიკელთა ყოველდღიური ხარჯების შემცირებისკენ მიმართული გეგმა ასევე ითვალისწინებს სოციალური დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას, რეცეპტით გამოწერილი წამლების ხარჯის მაქსიმალური ოდენობის დაწესებას 2000 დოლარამდე ყველასთვის და არამხოლოდ ხანდაზმულებისთვის, 6000 დოლარამდე საგადასახადო შეღავათს ერთ წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახებისთვის, მინიმალური ხელფასის ზრდა, ოფიციანტებისთვის ნაჩუქარ ფულზე გადასახადის გაუქმებას და სხვა.