ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელისუფლების ხელშია, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი ევროკომისრის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

"ევროკავშირი წუხს ირაკლი კობახიძის განცხადების გამო "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ განაგრძოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. აღვნიშნავთ, რომ ეს განცხადება ნიშნავს გადახვევას საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებიდან, როგორც ეს გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ, გამოიწვია გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში და ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას აძლევდა სარგებელს, ამჟამად შეჩერებულია. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩებში, რათა დაადასტუროს თავისი მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზე", – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალის გამოყენებაზე.

"ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები პასუხისგებაში უნდა მიეცენენ. ევროკავშირი იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის გამო უწყვეტად მიმდინარეობის გამო, მათ შორის იმ დარღვევების გამო, რომლებიც მოხდა წინასაარჩევნოდ და საპარლამენტო არჩევნების დროს. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მოუთმენლად ელის OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშსა და მის რეკომენდაციებს. ევროკავშირი დგას ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით. ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელისუფლების ხელშია", – ნათქვამია განცხადებაში.