რუსეთი მშვიდობისთვის მზადყოფნის ნიშნებს არ ავლენს და უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებს კვლავ აძლიერებს, – ამის შესახებ კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალასის თქმით, რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხშია შესული და რეკორდული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეს კარგავს, თუმცა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს განაგრძობს.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ მოსკოვი მშვიდობისთვის ემზადება. რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხშია შესული და რეკორდული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეს კარგავს. მიუხედავად ამისა, მოსკოვი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმებს კვლავ აძლიერებს“, – განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტს წარადგენს. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან სავიზო პოლიტიკის გამკაცრებისა და სპორტულ ღონისძიებებში რუსი სპორტსმენების მონაწილეობის შეზღუდვის მოწოდებით გამოვიდნენ.

„შეფასებების თანახმად, ევროპის მთავრობები უკრაინის დახმარებაზე საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.1-დან 0.2 პროცენტამდე ხარჯავენ. ეს გაცილებით მცირე ფასია იმასთან შედარებით, რაც პუტინის გამარჯვებას შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა კალასმა.

კალასმა ასევე ისაუბრა რუსეთის მოთხოვნებზე და აღნიშნა, რომ მოსკოვის მოთხოვნები კვლავ მაქსიმალისტურია.

„რუსეთის მოთხოვნები კვლავ მაქსიმალისტურია. მოსკოვს სურს უკრაინის დანაწევრება, ნატო-ს უკან დახევა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ვეტოს უფლების მოპოვება. ეს ყველაფერი მიუღებელია. 2021 წელს რუსეთის მოთხოვნები ომის დაწყების საბაბი იყო, 2026 წელს კი ისინი ომის გაგრძელების საბაბად იქცა“, – განაცხადა კაია კალასმა.