ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს, რამზან კადიროვს რუსეთში დე ფაქტო უმაღლესი სამხედრო წოდება — არმიის გენერლის წოდება მიანიჭეს, ასევე გადასცეს რუსული სპეცრაზმის უმაღლესი განმასხვავებელი ნიშანი — შინდისფერი ("კრაპოვის") ბერეტი, იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო ТАСС.

სამხრეები და თავსაბურავი "როსგვარდიის" დირექტორმა, ვიქტორ ზოლოტოვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, მას გროზნოში გამართულ ცერემონიაზე გადასცა. მანამდე კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკის წოდებას ატარებდა.

"სულ რაღაც სამი დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ სპეციალური დანიშნულების უწყებრივი ძალების შექმნის მორიგი წლისთავი, რომელშიც ჩაისახა შინდისფერი ბერეტის გადაცემის ტრადიცია. მთლიანობაში მიღებულია გადაწყვეტილება არმიის გენერალ კადიროვისთვის მართლწესრიგის ჯარების ამ უმნიშვნელოვანესი სიმბოლოს გადაცემის შესახებ", — ციტირებს ТАСС ზოლოტოვის სიტყვებს.

არმიის გენერალი — დე იურე ბოლოსწინა სამხედრო წოდებაა რუსეთში, მაგრამ დე ფაქტო უმაღლეს წოდებად რჩება, რადგან რუსეთის ფედერაციის მარშლის წოდება 1997 წლის შემდეგ არავისთვის მიუნიჭებიათ. შინდისფერი ბერეტი — სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებისთვის განმასხვავებელი უმაღლესი ფორმაა, რომელიც მხოლოდ მათ გადაეცემათ, ვინც განსაკუთრებით რთული გამოცდების სერიას გაივლის. 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა სპეცრაზმელებმა აშშ-ის არმიის "მწვანე ბერეტების" ქვედანაყოფების ანალოგიით მოიფიქრეს საკვალიფიკაციო გამოცდების სერია ამ თავსაბურავის ტარების უფლების მოსაპოვებლად.