მოხალისეთა კიდევ ერთი ჯგუფი ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან სპეციალური სამხედრო ოპერაციების ზონაში გაემგზავრა, - განაცხადა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამის არხზე.

„მოხალისეთა კიდევ ერთი ჯგუფი ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან სპეციალური სამხედრო ოპერაციების ზონაში გაემგზავრა დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად. გამგზავრებამდე მებრძოლები გროზნოს საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ, რომელიც რუსეთის გმირის, ახმატ-ხაჯი კადიროვის სახელობისაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რესპუბლიკის მეთაურმა დასძინა, რომ რუსეთის გმირის, ახმატ-ხაჯი კადიროვის სახელობის რეგიონულმა საზოგადოებრივმა ფონდმა მოხალისეებს ყველაფერი საჭირო მიაწოდა.

მან აღნიშნა, რომ გამგზავრებამდე პატრიოტებმა ვლადიმერ პუტინის სახელობის რუსეთის სპეციალური დანიშნულების ძალების უნივერსიტეტში ინტენსიური მომზადების კურსი დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ 11 აგვისტოს The Economist-მა კადიროვის უკრაინასთან ომის მიმართ დამოკიდებულების შესახებ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდა: რამზან კადიროვი თავის გავლენას იყენებს, რათა თავისი ხალხი ომისგან დაიცვას.

კადიროვის განცხადებით, სპეცრაზმი იწვის უკიდურესად რთული ბრძანებების შესრულების სურვილით და  ჩეჩნეთმა ომში 70 880-ზე მეტი მებრძოლი გაგზავნა, რაც რესპუბლიკის მამრობითი სქესის მოსახლეობის 9%-ს შეადგენს..ეს რუსეთის ნებისმიერ რეგიონში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი იქნება. თუმცა, დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების, „მედიაზონას“ ცნობით, რომელიც ბრძოლებში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობას აკონტროლებს, 10 ივლისის მონაცემებით, ჩეჩნეთში დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ 539 იყო. ეს რუსეთის მთლიანი დანაკარგების 0.2%-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთი რუსეთის მოსახლეობის 1.1%-ს შეადგენს. ამ შეუსაბამობის ახსნა ბატონი კადიროვის მნიშვნელოვან ძალაუფლებაშია, რაც მას საშუალებას აძლევს, მიაღწიოს თავის მიზნებს, - წერდა The Economist-ი და აღნიშნავდა, რომ ლოიალობის სანაცვლოდ, კადიროვმა რუსეთის ნებისმიერ გუბერნატორზე მეტი ძალაუფლება მიიღო.

აქამდე მან ეფექტურად შეუშალა ხელი ჩეჩნეთში ომისთვის იძულებითი მობილიზაციას. ამან მას საშუალება მისცა, ომი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და გააძლიერებინა თავისი თანამემამულეების დამცველის - „ერის მამის“ - იმიჯი. კადიროვის ნამდვილი მოწინააღმდეგეები დიდი ხანია გარდაიცვალნენ ან დევნილობაში არიან, მაგრამ მან ომი გამოიყენა იმ ადამიანების ერთგულების შესამოწმებლად, რომლებსაც ეჭვმიტანილად მიიჩნევდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, აპტი ალაუდინოვი, რომელიც ეჭვმიტანილია კადიროვის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში, უკრაინაში საბრძოლველად შექმნილი სპეციალური დანიშნულების რაზმის, „ახმატის“ მეთაურად დაინიშნა.„ახმატის“ ბევრი მებრძოლი ნაკლებად არის ცნობილი საბრძოლო გმირობებით და უფრო მეტად ცნობილია სოციალურ მედიაში აქტივობით. მათი სავარაუდოდ გმირული ბრძოლების ვიდეოები ხშირად ფრონტის ხაზიდან შორს არის გადაღებული. რუსი სამხედრო ბლოგერებიც კი მათ „TikTok-ის ჯარებს“ უწოდებენ. „როგორც ჩანს, ისინი მონაწილეობენ, მაგრამ მათ ბრძანება აქვთ, გადაჭარბებული მონდომება არ გამოიჩინონ და თავს გაუფრთხილდნენ“, - ამბობს ჩეჩნეთის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული წყარო. თავად „ახმატის“ მეთაურის თქმით, მისი მებრძოლების მხოლოდ მეოთხედია ნამდვილი ჩეჩენი. დანარჩენები ჩეჩნეთის გარედან მიიტყუეს კადიროვის მიერ მოსკოვიდან მიღებული დაფინანსებით. კადიროვი ომს რეპრესიების იარაღად იყენებს. ფრონტზე იგზავნებიან ადამიანები, რომლებსაც ის არასასურველად მიიჩნევს - კრიმინალები, ოპოზიციის ფიგურების ნათესავები, ალკოჰოლიკები და გეები.

წყარო: რუსული მედია/The Economist

მოამზადა რაულ კაპანაძემ