უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
ჯონ კირბის ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.
კირბის თქმით, ერთადერთი ამერიკელი სამხედრო პერსონალი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, არის საელჩოს თავდაცვის ატაშეს ოფისის ნაწილი.
მანამდე ანალოგიური განცხადება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა ედრიენ უოტსონმა გააკეთა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში საბრძოლველად“,- თქვა მან.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერენციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.