ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ქალბატონმა შაჰინმა შესწორება წარადგინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში, რომელიც 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფს“, - ნათქვამია კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ შესწორება მოითხოვს სანქციებისა და დამატებით ზომების მიღებას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ცვლილება მოუწოდებს აშშ-ს მთავრობას, განიხილოს მოგზაურობის შეზღუდვები/სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერი ქმედებაზე, რომელიც ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ, რომელიც მოიცავს ძალადობას/დაშინებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების/ოპოზიციური პარტიების მიმართ.
გარდა ამისა, ჟურნალისტი წერს, რომ აღნიშნული ცვლილება ასევე მოუწოდებს სანქციების დაწესებისკენ "ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებს საქართველოს მთავრობის სახელით, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით" და მათი ოჯახის წევრების მიმართ".