ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციას სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია: „არც ერთმა სამხედრო დანაყოფმა, ორგანიზაციამ თუ ცალკეულმა პირმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარებიან, არ უნდა განაგრძონ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, ასევე აგრესიის ესკალაცია“. სასამართლომ უკრაინის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი განიხილა. უკრაინა გენოციდის კონცეფციის დამახინჯების გამო რუსეთის დასჯას ითხოვს. სასამართლო დასკვნაში წერია, რომ უკრაინას აქვს უფლება, გაასაჩივროს რუსეთის ფედერაციის მიერ გენოციდში მხილების ცრუ ფაქტი, რაც რუსეთმა სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბად გამოიყენა. „სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საბაბით დაწყებული სამხედრო მოქმედებები ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, აყენებს მატერიალურ ზიანს ქვეყანასა და მოქალაქეებს, რადგან იწვევს ქალაქებისა და შენობების განადგურებას, ინფრასტრუქტურის მოშლას. ეს ვითარება დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს“, – წერია დასკვნაში. ბრძანებაში სასამართლო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, შექმნილი ვითარების გართულება და მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება. სასამართლოში ხმები 13:2-ის ფარდობითობით განაწილდა, რუსეთისთვის უკრაინაში სამხედრო მოქმედების შეწყვეტის მოთხოვნის სასარგებლოდ. ორი მოსამართლე - რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენლები - ვერდიქტის წინააღმდეგი იყვნენ.