კიბერუსაფრთხოების სფეროში ტესტირებისას, Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელმა Gemini-მ სამი რეალური კომპანიის წინააღმდეგ კიბერშეტევები განახორციელა. Google-ის კორპორაციამ მედიის წარმომადგენლებსა და საინფორმაციო სააგენტოებს დაუდასტურა ინფორმაცია ამ ინციდენტების შესახებ, რომელთა შესახებაც პირველმა The Wall Street Journal-მა (WSJ) დაწერა.
ერთ-ერთ შემთხვევაში ხელოვნურმა ინტელექტმა დაცულ სისტემასთან მისაწვდომი პაროლები შეარჩია. კიდევ ორ შემთხვევაში მან საჯარო წყაროებში იპოვა მონაცემები და მათი დახმარებით კომპანიების სისტემებში შეიჭრა. სამივე შემთხვევაში Gemini-მ მუშაობა იმ მომენტში შეწყვიტა, როდესაც "მიხვდა", რომ რეალური კომპანიის სისტემაში შეიჭრა და არა სატესტო გარემოში. ორგანიზაციები, რომელთა სისტემებზეც ხელოვნური ინტელექტის მოდელმა წვდომა მოიპოვა, ინფორმირებულნი არიან, ირწმუნებიან Google-ში. უცნობია, კონკრეტულად რომელ კომპანიებზეა საუბარი.
ინციდენტები 2026 წლის მაისში მოხდა Gemini-ს შესაძლებლობების შემოწმებისას, რომელსაც კიბერუსაფრთხოების შეფასებით დაკავებული დამოუკიდებელი კომპანია Irregular ატარებდა. Google-მა ამის შესახებ ივლისში შეიტყო. სატესტო გარემოში გამოგონილ კომპანიას ზუსტად ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორიც რეალურს, ხოლო ინტერნეტთან წვდომა დაუგეგმავად აღმოჩნდა ღია, – წერს WSJ.
Google გახდა უკვე მეოთხე ხელოვნური ინტელექტის შემმუშავებელი, რომლის პროგრამებმაც მსგავსი ქცევა აჩვენა. ადრე რეალურ კომპანიებზე კიბერშეტევები უკვე განახორციელეს OpenAI-ს, Anthropic-ისა და Meta-ს მოდელებმა. როგორც იტყობინებიან, ამ ინციდენტებშიც კომპანია Irregular ფიგურირებდა.




