გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის უკანასკნელი მოქმედი რეგიონული გენერალური საკონსულო ბონში იხურება. ოფიციალური ბერლინის ეს ნაბიჯი მკაცრ პასუხს წარმოადგენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მწვავე დაძაბულობასა და ბოლო პერიოდში განვითარებულ ინციდენტებზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბონში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულო საბოლოოდ 2026 წლის 18 სექტემბერს წყვეტს ფუნქციონირებას.
ვადების ამოწურვამდ, გენერალურმა საკონსულომ უკვე შეწყვიტა განმცხადებელთა მიღება ყველა საკონსულო საკითხზე.
გენერალურ საკონსულოსთან ერთად, ბერლინში წყდება ე.წ. "რუსული სახლის" (რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის) იჯარის ხელშეკრულებაც.
აღნიშნული მკაცრი დიპლომატიური ნაბიჯი გერმანიის მხრიდან მოჰყვა გერმანული მხარის მიერ ოფიციალურად წაყენებულ ბრალდებებს რუსეთის სპეცსტრუქტურების ჰიბრიდული ოპერაციებისა და დივერსიული მცდელობების შესახებ. კერძოდ, გერმანიის ხელისუფლება რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს ლაიფციგის აეროპორტში განხორციელებულ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს.
გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა მზად არის დიპლომატიური დიალოგისთვის, თუმცა მსგავსი "ჰიბრიდული თავდასხმებისა" და უსაფრთხოების რისკების წინააღმდეგ მკაცრ და ადეკვატურ ზომებს გაატარებს. თავის მხრივ, მოსკოვიდან უკვე განაცხადეს, რომ გერმანიის ამ ანტირუსულ გადაწყვეტილებას შესაბამისი საპასუხო რეაქცია მოჰყვება.




