დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა, თანამდებობის დაკავებისთანავე ერთ-ერთი პირველი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა და დაარწმუნა, რომ უკრაინის მიმართ ლონდონის მხარდაჭერა ურყევი დარჩება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში უკრაინის მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იქნება: "მე მის გვერდით 100%-ით ვიქნები, ისევე როგორც კირ სტარმერი. პრეზიდენტ ზელენსკის ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა მტკიცე და უცვლელია".
ენდი ბერნემმა ხაზი გაუსვა, რომ მას უკრაინულ ქალაქებთან და მერებთან თანამშრომლობის მჭიდრო გამოცდილება ჯერ კიდევ მანჩესტერის მერის პოსტზე ყოფნის პერიოდიდან აქვს.
სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ანტიბალისტიკური კოალიციის ფარგლებში მუშაობა განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში პირადად შეხვდებიან ერთმანეთს.
ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 2026 წლის 20 ივლისს გახდა, მას შემდეგ, რაც ამ პოსტზე კირ სტარმერი შეცვალა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ პრემიერს თანამდებობის დაკავება მიულოცა, მადლობა გადაუხადა დაღუპულთა ოჯახებისადმი მისამძიმრებისა და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატული პატივისცემისთვის, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ისტორიაში ყველაზე ძლიერი პარტნიორობა ააშენეს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში თავის პირველ სამუშაო დღეს, ენდი ბერნემმა სტრატეგიული სატელეფონო საუბრები გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.




