ესტონეთში უკრაინისთვის კერძო დონაციების ნაკადი მკვეთრად შემცირდა. ERR-ის ცნობით, ომის დასაწყისში დაფიქსირებული დიდი სოლიდარობის შემდეგ ესტონელებში ენთუზიაზმმა იკლო. მიზეზებს შორის დასახელებულია ეკონომიკური სირთულეები და უკრაინაში ესტონური საქველმოქმედო ფონდის გარშემო ატეხილი სკანდალი.

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR) ინფორმაციით, ომის პირველ წლებში მსხვილი ორგანიზაციები ყოველწლიურად მილიონობით ევროს აგროვებდნენ შემოწირულებების სახით, მაგრამ ახლა ეს თანხები რამდენიმე ასეულ ათას ევრომდე შემცირდა

მედიის თანახმად, შემოწირულებების კლების ერთ-ერთი მიზეზი "Glory to Ukraine" ფონდის გარშემო ატეხილი სკანდალია. ფონდი აუდიტის ქვეშაა მას შემდეგ, რაც მისმა გამგეობამ უკრაინელ პარტნიორებთან საეჭვო ხარჯები აღმოაჩინა. ამის გამო ორგანიზაციამ უკრაინულ კომპანიებზე გადახდა შეაჩერა.

ესტონეთის მაშველთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პია კალასმა, განაცხადა, რომ ხელმისაწვდომი სახსრების ნაკლებობა და ომისგან გამოწვეული დაღლილობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

„გასული წლიდან მოყოლებული, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ესტონელებისთვის შესაძლოა უფრო რთული გახდეს საკუთარი სახსრების გამოყოფა, ჩვენს ცხოვრებაში და ეკონომიკაში ცვლილებების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ომი ძალიან დიდი ხანია გრძელდება და სამწუხაროდ, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღარ სჯეროდეს, რომ ეს დახმარება როგორმე ხელს შეუწყობს მის უფრო სწრაფად დასრულებას“, - თქვა კალასმა და დასძინა, რომ მისი აზრით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად ზრდიდან გამომდინარე,  მხარდაჭერა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წინა წლებში.

ცნობისთვის, ესტონეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ესტონეთის მოსახლეობა 1 360 745 კაცს შეადგენდა. მათგან 932 603 (68,5%) იყო ესტონელი, 276 125 (20,2%) - რუსი და 75 250 (5,5%) - უკრაინელი. ამგვარად, უკრაინელები ქვეყანაში მოსახლეობის სიდიდით მესამე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.

წყარო:  news.err.ee 
მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ