ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაკნას განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა.  ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის რომ ლექცია ჩაგიტაროთ, რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, არა, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები სწორედ ამისთვის არის და მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის რა არის მათი მომავალი, როგორი მომავალი უნდათ ჰქონდეთ მათ. ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც თქვენი მეგობრები, რეალური მეგობრები და არა ადვოკატირების მიზნით, არამედ უბრალოდ ფაქტების გაჟღერებისთვის.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიში მდგომარეობაა. ყველა მეზობელი ქვეყანა რუსეთმა დააყენა საფრთხის წინაშე – სად ვიყოთ, უფრო თავისუფლებისკენ, თუ რუსეთის მხარე დავიჭიროთ, ეს არის არჩევანი რომელიც გაქვთ. მე დღეს აქ ვიმყოფები, ვინაიდან ესტონეთს რეალურად ადარდებს საქართველო, ისტორიულად და დღესაც. ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხის ბედი. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ საქართველოსთვის, ისტორიულად და თქვენ ეს ყველამ იცით.

ჩვენ საქართველოს რეფორმებს მხარს ვუჭერდით ათწლეულების განმავლობაში და ჩვენ ვიზიარებთ იმ შეხედულებებს, რომ საუკეთესო განვითარება ქვეყნისთვის არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებას და ყველაფერს, იმას რაზედაც დგას ევროკავშირის ღირებულებები, ეს კანონი არის სიმბოლო, სიმბოლო არჩევანის რუსეთსა და ევროკავშირს შორის.

ეს კანონპროექტი უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზიდან. ეს არის უკუსვლა, რომელზედაც ევროკავშირს პასუხი ექნება. ევროინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია კეთილდღეობაზე და თუ თქვენ გაატარებთ რიგ რეფორმებს, რომლებიც თანხვედრაშია ღირებულებებთან, თქვენ ამის შესაბამის შედეგებსაც მიიღებთ. თუ უკუსვლით წახვალთ, თქვენ რიგ შანსებს დაკარგავთ და ამ მიმართულებებით ადამიანების უფლებების დარღვევისა და ზეწოლის შემთხვევაში სანქციები იქნება დაწესებული.

მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხის ჭეშმარიტი ადგილი ევროკავშირშია. ეს არის პრინციპული არჩევანი და საქართველოს ხალხზეა დამოკიდებული, გადაწყვიტონ, რა ტიპის მომავალი უნდათ საკუთარი თავებისთვის. ჩვენ თქვენთან ვართ ამ გზაზე", -განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.