ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს.

ინფორმაციას ამის შესახებ „შპიგელი“ ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი შესაძლოა, ნაწყენი იყოს გერმანიის კანცლერზე.

სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანიის მთავრობის მეთაურის მიერ დონალდ ტრამპთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც მერცი შეუერთდა კრიტიკას მადრიდის მიმართ, სანჩესი გერმანიის კანცლერის სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგულებელყოფს.

„კანცლერი აგზავნის SMS-ებს და ტელეფონით რეკავს, მაგრამ ესპანეთში სიჩუმეა“, – ასე აღწერს სიტუაციას „შპიგელი“, რომელიც ბერლინსა და მადრიდს შორის არსებულ ურთიერთობას „ყინულივით ცივს“ უწოდებს.

როგორც ცნობილია, ტრამპმა მერცთან შეხვედრისას ესპანეთი ირანის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. მან ესპანეთი „საშინელ“ მოკავშირედ მოიხსენია და ვაჭრობის შეწყვეტითაც დაემუქრა, მათ შორის ემბარგოს დაწესებით.

მედია წერს, რომ კანცლერმა თავდაპირველად ჩუმად მოუსმინა ტრამპს, შემდეგ კი თავადაც გააკრიტიკა მადრიდი ნატო-ს ფარგლებში სამხედრო ხარჯების გაზრდაზე უარის გამო.

როგორც „შპიგელი“ იუწყება, პედრო სანჩესის მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, კომუნიკაციის პრობლემა იმით აიხსნება, რომ მერცი უბრალოდ ძველ ნომერზე რეკავდა, ხოლო ესპანეთის პრემიერი უსაფრთხოების მიზეზებით ტელეფონის ნომერს ხშირად ცვლის.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა უარი თქვა მეგობარი ქვეყნების ლიდერებს შორის კონტაქტის შესახებ დეტალების გაზიარებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ბერლინსა და მადრიდს შორის თანამშრომლობა „მტკიცეა“ და „სხვადასხვა დონეზე“ ხორციელდება.

„დარწმუნებული იყავით, რომ ყოველ ჯერზე, როცა აზრთა გაცვლაა საჭირო, ამის ყველა შესაძლებლობა გვაქვს,“ –  განაცხადეს ბერლინში.