საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს 48 საათში დანიშნავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ამის შესახებ ელისეის სასახლეში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ თანამდებობა დატოვა. ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მემარცხენე „ახალმა სახალხო ფრონტმა“ ძალისხმევა გააერთიანეს და მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს. ბოლო 60 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ბარნიეს მთავრობამ მხოლოდ 90 დღე იმუშავა. ამის მიზეზი ბიუჯეტის შესახებ კანონის დეპუტატების მიერ მისი დამტკიცების გარეშე მიღება გახდა, რაც ითვალისწინებდა ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას 40 მილიარდი ევროთი და გადასახადების გაზრდას, ჯამში, 20 მილიარდით. საფრანგეთის კონსტიტუციით, მაკრონს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ივლისამდე ეკრძალება.

თარგმანი: პირველი არხი