საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანულ  და ფრანგულ სამხედრო ხომალდებთან დაკავშირებით ირანის მუქარას პასუხობს და აცხადებს, რომ მას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგება არასდროს განუხილავს.

მისი თქმით, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს სპეციალური მისია, რომელიც საზღვაო უსაფრთხოების მხარდასაჭერად დაახლოებით 50 ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს. 

„არასდროს ყოფილა საუბარი ფრანგული ან ფრანკო-ბრიტანული სამხედრო განლაგების შესახებ. რამდენიმე დღის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ „შარლ დე გოლი“ და მისი თანმხლები ფრეგატები, ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ბაბ ელ-მანდების სრუტის მიღმა გადაგვეყვანა. არასდროს ყოფილა საუბარი რამე განლაგებაზე, თუმცა ჩვენ მზადყოფნაში ვრჩებით. თავიდანვე ვამბობდით ერთ ძალიან მარტივ რამეს: ეს არის ნავიგაციის თავისუფლება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.