საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე მაღალი შეფასება მისცა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქმიანობას. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.

"სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის მუშაობა სომხეთში ბოლო წლებში ძალიან შთამბეჭდავია. მოდი, გულახდილები ვიყოთ - რვა წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა და ის ფაქტი, რომ დღეს თქვენს ქვეყანაში ამდენი ვიზიტია, კარგი სიგნალია", -  განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, წარსულში რიგი ქვეყნები სომხეთს სხვაგვარად აღიქვამდნენ.

"რვა წლის წინ ამ მაგიდასთან მყოფი მრავალი ქვეყანა სომხეთს რუსეთის სატელიტად მიიჩნევდა, მაგრამ ნიკოლ ფაშინიანმა  სომხეთში "ხავერდოვანი რევოლუცია" მოაწყო და გადაწყვიტა დაეცვა თავისი ქვეყანა რუსეთისგან. ამის გამო მას ყოველდღიურად აკრიტიკებდნენ და დღესაც აკრიტიკებენ", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის ევროპულ არჩევანს.

"ის ფაქტი, რომ მან აირჩია მშვიდობა და ევროპა - ძალიან ძლიერი სიგნალია", - თქვა მაკრონმა.