აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას აპირებს.
"სამხრეთ აფრიკა მიწას ართმევს და ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს ძალიან ცუდად ექცევა," - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
"ეს მინიმუმ ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევაა," - თქვა მან. ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება მანამ იქნება ძალაში, სანამ პრეტორია გამოძიებას არ ჩაატარებს.
2024 წლის ბოლოს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას, გარკვეულ პირობებში, "ნულოვანი კომპენსაცია" გადაიხადოს იმ ქონებისთვის, რომლის ექსპროპრიაციასაც გადაწყვეტს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ახალი კანონმდებლობა ხელისუფლებას თვითნებური ექსპროპრიაციის უფლებას არ მისცემს, მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევის მცდელობის გარეშე.