ისრაელს და ლიბანს შორის ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
დონალდ ტრამპის თქმით, შესანიშნავი საუბარი ჰქონდა ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
ტრამპის მტკიცებით, ქვეყნებს შორის მშვიდობის მისაღწევად ლიდერები დათანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ვაშინგტონის დროით 17:00 საათიდან ამოქმედდება.
„სამშაბათს ორი ქვეყნის წარმომადგენლები 34 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ აქ, ვაშინგტონში, ჩვენს დიდებულ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. მე დავავალე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან რუბიოს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, დენ რაზინ კეინთან ერთად, ისრაელთან და ლიბანთან ერთად ემუშავათ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩემთვის პატივი იყო მსოფლიოში ცხრა ომის მოგვარება და ეს მეათე იქნება, ამიტომ, მოდით, გავაკეთოთ ეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს თეთრ სახლში იწვევს მოსალაპარაკებლად. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ტრამპი აღნიშნავს, 1983 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ლიბანის პრეზიდენტს, ჯოზეფ აუნის თეთრ სახლში მოვიწვევ ისრაელსა და ლიბანს შორის პირველი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის 1983 წლის შემდეგ. ორივე მხარეს სურს მშვიდობა და მჯერა, ეს მოხდება“, – წერს აშშ-ს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.











