აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანის ბლოკადა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ბირთვული შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის „მე-12 არხს“ განუცხადა.
მისი თქმით, საზღვაო ბლოკადა „უფრო ეფექტურია“, ვიდრე დაბომბვა და ირანი „იგუდება“.
პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ირანს ახლა ძალიან სჭირდება შეთანხმება, რომ მოიხსნას ბლოკადა.
ტრამპი აღნიშნავს, რომ ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა „მალე აფეთქდება“, თუკი ვერ შეძლებს ნავთობის ექსპორტირებას.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს დაავალა, ირანის გახანგრძლივებული ბლოკადისთვის მოემზადონ. გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ აღნიშნავს, რომ ბოლო შეხვედრების დროს ტრამპმა გადაწყვიტა, ირანის ეკონომიკასა და ნავთობის ექსპორტზე ზეწოლა გააგრძელოს.
ამასთან, „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ირანმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, მზად იყოს, დათანხმდეს დროებით შეთანხმებას ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტის სანაცვლოდ, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები კი, შესაძლოა, გადაიდოს. მედიის ცნობით, ტრამპმა მიანიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, დაეთანხმოს ირანის შეთავაზებას ომის დასრულების შესახებ.








