აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანული გემი დააკავეს, როდესაც ის ცდილობდა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ომანის ყურეში. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.

"დღეს ირანის დროშის ქვეშ მცურავმა სატვირთო გემმა სახელად TOUSKA-მ, რომლის სიგრძე თითქმის 900 ფუტია და წონა - თითქმის ავიამზიდის ტოლი, სცადა ჩვენი საზღვაო ბლოკადის გვერდის ავლა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა", - წერს ტრამპი.

ტრამპის თქმით, სატვირთო გემი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელმა USS Spruance-მა ომანის ყურეში შეაჩერა და წინასწარ გააფრთხილა ეკიპაჟი გაჩერების აუცილებლობის შესახებ.

თუმცა ირანულმა ეკიპაჟმა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც აშშ-ის სამხედრო ხომალდმა გემი იძულებით გააჩერა.

"ამჟამად გემი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის კონტროლის ქვეშ იმყოფება. TOUSKA აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის სანქციების სიაშია მისი წარსული უკანონო საქმიანობის გამო. ჩვენ სრულ კონტროლს ვფლობთ გემზე და ვამოწმებთ, რა არის მის ბორტზე", - წერს ტრამპი.