რომის სტატუტის რატიფიცირებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ამ ნაბიჯის გადადგმით უკრაინა საერთაშორისო მართლმსაჯულების განმტკიცების მიმართ თავის ურყევ ერთგულებას ადასტურებს. ასევე, რომის სტატუტის რატიფიცირებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ჩადენილი დანაშაულების გამო რუსეთზე სრული პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველყოფისთვის უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ეფექტურად თანამშრომლობს და ახლა აღნიშნული სამუშაო კიდევ უფრო ეფექტური გახდება.

შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა და უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 125-ე წევრი გახდა.