რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკის მისამართით ზელენსკის მუქარის საკითხს განიხილავენ.
მისი თქმით, ზელენსკის მუქარა ბელარუსის მიმართ წარმოადგენს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას.
"თქვენ იცით, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით. კონტაქტები მასა და პუტინს შორის დაგეგმილია მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ეს და სხვა საკითხები იყოს განხილული. მუქარა ნამდვილად აგრესიულია – ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა. თუმცა ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობას, თავად ბელარუსს შეუძლია, უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტი", – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს ერთი კვირა აქვს იმ რეტრანსლატორების მოსახსნელად, რომლებიც რუსული დრონების მიერ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების კორექტირებას უზრუნველყოფენ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ამას თავად გააკეთებს.







