ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საიტზეა განთავსებული.
დღეს, ნიუ-იორკში, ადგილობრივი დროით 15:00-დან 18:00 საათამდე, გაეროს გენერალური ასამბლეა 55 ქვეყნის მიერ ინიციირებულ (სხდომის დაწყებამდე რეზოლუციის პროექტზე ხელმომწერთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს) რეზოლუციის პროექტზე იმსჯელებს და შემდეგ მას კენჭს უყრის.
საქართველო „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციას 2008 წლიდან წარადგენს და თუ თავდაპირველად მას 14 მომხრე და 11 მოწინააღმდეგე ჰყავდა და 105 ქვეყანამ კენჭისყრისას თავი შეიკავა, შარშან რეზოლუციის მომხრეთა რაოდენობა 103 შეადგინა, წინააღმდეგი იყო 9 და თავი შეიკავა 52-მა.
შეგახსენებთ, რომ 2008-2024 წლებში მუდმივად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდნენ ხმას რუსეთი, სირია და ჩრდილოეთ კორეა. მათთან ერთად გასულ წლამდე მუდამ წინააღმდეგ აძლევდა ხმას სუდანი, რომელმაც შარშან თავი შეიკავა, ხოლო კუბამ და ნიკარაგუამ მხოლოდ 2008 წელს შეიკავეს თავი,სხვა წლებში კი მუდამ რეზოლუციის მიღების მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ. გასულ წელს რეზოლუციის მიღების მოწინააღმდეგეთა შორის პირველად აღმოჩნდა მალი.