დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი გააკეთებს.
დებატების თემაა: "დემოკრატიის უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში".
ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელთან ერთად განიხილავენ "საქართველოში დემოკრატიის გაუარესებას ამ საკითხთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე 9 ოქტომბრისთვის დაგეგმილი კენჭისყრის წინ".
"მაშინ, როცა ქვეყანა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, შეშფოთება გაჩნდა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, განსაკუთრებით მედიის თავისუფლებასთან და ლგბტქ+ უფლებებთან დაკავშირებით. თუკი "ქართული ოცნება" მომავალ არჩევნებში მნიშვნელოვან უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს შიში, რომ საქართველოში მრავალპარტიული სისტემა და პოლიტიკური პლურალიზმი კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.