CNN-ის ცნობით, აშშ-ის სამხედროების მიერ სადაზვერვო ანგარიშის შესადგენად ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების გამო, მათ კინაღამ ჩინური გემი ფაიჭირეს, რასაც, შესაძლოა, სამხედრო კონფლიქტი გამოეწვია. 2026 წლის გაზაფხულზე, მათ ახლო აღმოსავლეთში მყოფი ჩინური გემის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც, სავარაუდოდ, ბირთვული პროგრამის კომპონენტები მიჰქონდა, და მისი დაჭერის ოპერაციის მომზადება დაიწყეს, – იტყობინება ტელეარხი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
შეიარაღებული ამერიკელი სამხედროები ჩინურ გემზე ასვლისთვის ემზადებოდნენ, ჰაერში კი სამხედრო თვითმფრინავები აიყვანეს, – აღნიშნულია სტატიაში. დაგეგმილი ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს, უფრო დეტალურად შეესწავლათ ანგარიში, რომელიც აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ანალიტიკოსმა მოამზადა, და გაარკვიეს, რომ დოკუმენტი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იყო შექმნილი, რომელმაც გემის ტვირთი არასწორად დააიდენტიფიცირა.
ანალიტიკოსმა ჩათ-ბოტს გემის ტვირთის ზედდებულის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია მოსთხოვა. ეს მონაცემები თავდაპირველად აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობიდან წყნარი ოკეანის რეგიონში შევიდა. CNN-მა ვერ გაარკვია, იყო თუ არა ეს კომერციულად ხელმისაწვდომი ჩათ-ბოტი, თუ აშშ-ის მთავრობის მიერ შემუშავებული პროდუქტი.
ბოტმა ღია წყაროებიდან მიღებული მონაცემები საიდუმლო ინფორმაციასთან გააერთიანა, რომელიც სიგნალების ჩაჭერით იყო მოპოვებული და სამთავრობო ბაზებში ინახებოდა, და გემის ტვირთის ხასიათის შესახებ მცდარი დასკვნა გამოიტანა. ამის შემდეგ ანალიტიკოსმა ხელოვნური ინტელექტი ხელახლა გამოიყენა, რათა მიღებული დასკვნები სანდო, სტანდარტული სადაზვერვო ანგარიშის სახით გაეფორმებინა და სარდლობისთვის გადაეცა.




