ჩინეთის სასამართლომ ქალაქ ნანკინის ეკონომიკური განვითარების ყოფილ მაღალჩინოსანს, იან იულინს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 69 წლის ყოფილი მოხელე დამნაშავედ იქნა ცნობილი 1993-2023 წლებში, სამი ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 2,21 მილიარდი იუანის (დაახლოებით 325 მილიონი აშშ დოლარი) - ქრთამის აღებაში.

გარდა ქრთამის აღებისა, იან იულინს ბრალი წაეყენა მითვისებაში, ფულის გათეთრებაში, სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

სასამართლოს ინფორმაციით, იანი თანამდებობებს იყენებდა იმისთვის, რომ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის ხელი შეეწყო საინჟინრო კონტრაქტების, მიწის გადაცემისა და დაფინანსების მოპოვებაში, რის სანაცვლოდაც სისტემატურად იღებდა ფულსა და ძვირფასეულობას.

საქმე პრეზიდენტ სი ძინპინის მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანიის ნაწილია, რომელმაც ჩინეთის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო სექტორები მოიცვა.

სასამართლოს განჩინებით, მსჯავრდადებულს ჩამოერთმევა პირადი ქონება, ხოლო ხელისუფლება ეცდება, უკანონოდ მიღებული თანხების სრულად დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში კორუფციისთვის სიკვდილით დასჯა იშვიათია, ის ძირითადად გამოიყენება იმ საქმეებზე, სადაც საუბარია განსაკუთრებით დიდ თანხებზე და სახელმწიფოს ინტერესებისათვის მიყენებულ მძიმე ზიანზე.