ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთი“ დიდი უპირატესობით იმარჯვებს.
დილის 09:00 საათის მონაცემების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის „პროგრესული ბულგარეთს“ ბიულეტენების 87,23%-ის დათვლის შემდეგ ამომრჩეველთა 44,564%-იანი, მეორე ადგილზე მყოფ ორპარტიულ ბლოკს („გავაგრძელოთ ცვლილებები“ და „დემოკრატიული ბულგარეთი“) 13,455%-იანი მხარდაჭერა აქვს.
მესამე ადგილზე 13,311%-ით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარების“ და პარტია „დემოკრატიულ ძალთა კავშირის“ ბლოკია.
პარლამენტში ასევე ხვდებიან თურქული და სხვა ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე ორიენტირებული „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებისთვის“ - 6,083% და ულტრამემარჯვენე „აღორძინება“ - 4,381%/
ხმების ასეთი %-ული თანაფარდობის შენარჩუნების შემთხვევაში ბულგარეთის 240-ადგილიან პარლამენტში „პროგრესულ ბულგარეთს“ 131 დეპუტატი ეყოლება. ითვლება, რომ რუმენ რადევი ევროსკეპტიკი, ნატოს პოლიტიკის კრიტიკოსი და რუსეთთან დიალოგის მომხრეა და უკრაინის სამხედრო დახმარებას ეწინააღმდეგება.




