შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, საზღვაო უპილოტო აპარატები ბერძნულ საკონტეინერო გემს დაესხნენ თავს. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დიმიტარ სტოიანოვმა განაცხადა, ლიბერიის დროშით მცურავ გემს სამი უპილოტო აპარატი მოხვდა ბულგარეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუმინეთის ქალაქ კონსტანცისკენ მიმავალ გემზე, Contship Jet-ზე მყოფთა გადარჩენის ოპერაცია ჩაატარეს. ევაკუირებულია ეკიპაჟის 18-ვე წევრი. სამხედრო უწყების პრესრელიზში ნათქვამია, რომ ინფორმაცია შემჩნეული საზღვაო დრონების შესახებ საფრანგეთის საზღვაო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავიდან მიიღეს, რომელიც შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ასრულებდა ფრენას.
ბულგარულმა რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონტეინერო გემი ისრაელის პორტ ჰაიფადან მოემართებოდა. ვინ არის პასუხისმგებელი თავდასხმაზე, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.
იმავე დღეს სოფიაში ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებისა და შტაბის უფროსების საგანგებო თათბირი გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა შავ ზღვაში სამოქალაქო ნაოსნობის უსაფრთხოება იყო.
ბოლო კვირების განმავლობაში ბულგარეთის სანაპიროსთან თავდასხმის ობიექტი მინიმუმ ექვსი სავაჭრო გემი გახდა. უკრაინა ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმები, როგორც ჩანს, რუსეთისთვის არის მოგებიანი. რუსეთის ხელისუფლება მათთან კავშირზე ბრალდებებს უარყოფს.




