ნიუ იორკში აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

აშშ-ის დელეგაციას სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ხელმძღვანელობს, ჩინეთის დელეგაციას კი, ქვეყნის ვიცე-პრემიერი ჰე ლიფნგი.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას ვაჭრობისა და ინვესტიციების, ასევე, ხელოვნური ინტელექტის საკითხებს განიხილავენ. ამასთან, ისაუბრებენ ირანში არსებულ ვითარებაზე.

როგორც „ბლუმბერგი“ იუწყება, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი სავაჭრო ზავია, რომლის ფარგლებშიც ორივე მხარემ ტარიფები და ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები შეამცირა. აღნიშნული შეთანხმების ვადა ნოემბერში იწურება.

შეხვედრის დაწყებამდე ბესენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედი აქვს, მოლაპარაკებები აშშ-სა და ჩინეთს შორის კონსტრუქციულ დიალოგს შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას თეთრ სახლში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.