მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Binance-მა, რუს სამართალდამცველებს თავისი მომხმარებლის — რუსი IT-სპეციალისტის, იური ბელენკის პერსონალური და სატრანზაქციო მონაცემები გადასცა, რომელსაც რუსეთში უკრაინის არმიისა და ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსებას ედავებიან.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბელენკიმ, რომელიც 2015 წლიდან ბულგარეთში ცხოვრობდა, კრიპტოვალუტით რამდენიმე გადარიცხვა განახორციელა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და "აზოვსტალის/აზოვის" დასახმარებლად (თანხამ ჯამში 700 აშშ დოლარს გადააჭარბა). რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ეს ქმედება "ტერორიზმის დაფინანსებად" და სახელმწიფო ღალატად შეაფასა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ, Binance-მა რუს ძალოვნებს მიაწოდა არა მხოლოდ ტრანზაქციების ისტორია, არამედ მომხმარებლის სრული პერსონალური ინფორმაცია: საბაზისო მონაცემები, ტელეფონის ნომრები, რუსული პასპორტისა და ბულგარეთის ბინადრობის ნებართვის ასლები, აგრეთვე რეგისტრაციის მომენტიდან არსებული ანგარიშის ისტორია.
აღნიშნულმა ფაქტმა ფართო რეზონანსი გამოიწვია იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად Binance-ის ოფიციალური განცხადებებისა რუსული ბაზრის დატოვებისა და მომსახურების შეწყვეტის შესახებ, პლატფორმა კვლავაც აკმაყოფილებს რუსი სამართალდამცველების ოფიციალურ მოთხოვნებს კონფიდენციალურობისა და მარეგულირებელი სტანდარტების ფარგლებში.




