ბერლინში ლოზუნგით Gen Z regelt ("თაობა Z წყვეტს") გამართული საპროტესტო აქციის დროს, პოლიციამ 22 ადამიანი დააკავა, — იუწყება სააგენტო dpa.
აქცია შაბათს საღამოს გაიმართა. მომიტინგეებმა მსვლელობა მოაწყვეს სავინი-პლაცის მოედნიდან კურფიურსტენდამის გამზირის გავლით სადგურ ჰალენზეემდე. პოლიციის შეფასებით, პროტესტის პიკზე აქციაში 1200 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ორგანიზატორებს განაცხადი 100 მონაწილეზე ჰქონდათ შეტანილი.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სკოლების ცუდ მდგომარეობას, სამხედრო გაწვევის დაბრუნების პერსპექტივას, ასევე უნივერსიტეტებისა და სოციალური სამსახურების დაფინანსების შემცირებას. ასევე ისმოდა ლოზუნგები ისრაელის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და პოლიციის წინააღმდეგ, — გადმოსცემს Tagesschau.




