ისრაელი ამ ომს მოიგებს, რაც არ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები რაფაში ოპერირებდნენ, სხვა შემთხვევაში „ჰამასი“ გადაჯგუფებას, გადაიარაღებას და ღაზის ხელახლა დაპყრობას მოახერხებს.

„ეს არის აუტანელი საფრთხე ჩვენი მომავლისთვის და ჩვენ ამას არ შევეგუებით. გავანადგურებთ „ჰამასს,“ გავათავისუფლებთ ჩვენს მძევლებს და უზრუნველვყოფთ, რომ ღაზამ ისრაელს საფრთხე აღარ შეუქმნას. არ შეიძლება ამბობდე, რომ მხარს უჭერ თავდაცვის უფლებაში და შემდეგ ისრაელის წინააღმდეგ იყო, როცა ის ამას აკეთებს. არ შეიძლება თქვათ, რომ მხარს უჭერთ ისრაელის მიზანს, გაანადგუროს „ჰამასი“ და შემდეგ დაუპირისპირდე ისრაელს, როდესაც ის აუცილებელ ზომებს მიიღებს ამ მიზნების მისაღწევად. ვერ იტყვი, რომ ეწინააღმდეგები „ჰამასის“ სტრატეგიას, რომ გამოიყენოს მშვიდობიანი მოსახლეობა ფარად და შემდეგ დაადანაშაულო ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლში, რაც „ჰამასის“ ამ სტრატეგიის შედეგია“, – ამბობს ნეთანიაჰუ.

ბაიდენისადმი მიწერილ გზავნილში ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ამერიკელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ისრაელის გვერდით დგას, ასევე – კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობაც.