„როიტერის“ ცნობით, ასეთი განცხადება დისიდენტმა მარია კოლესნიკოვამ ანალიტიკური ცენტრის, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაზე გააკეთა.
„ბელორუსელებმა თავი ევროპის ნაწილად უნდა იგრძნონ. რაც უფრო მეტად იქნება ბელარუსი მოწყვეტილი ევროპისგან, მით უფრო ძლიერი იქნება მისი კავშირები მოსკოვთან. თუ ევროპას აღმოსავლეთში სტაბილური და უსაფრთხო მეზობლები სურს, შეუძლებელია ამას არ დაეთანხმოს“, - განაცხადა ბელორუსის ხელისუფლების მიერ გასული წლის დეკემბერში, ხუთ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდგ გათავისუფლებულმა და დეპორტირებულმა მარია კოლესნიკოვამ.
გასული წლის დეკემბერში ბელორუსის ხელისუფლებამ 123 პატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის ბელორუსის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკას საარჩევნო შტაბის უფროსი კოლესნიკოვა. სანაცვლოდ, ვაშინგტონმა ბელორუსიის წინააღმდეგ კალიუმის სასუქებზე სანქციები მოხსნა. ევროკავშირის სანქციები ამ ძირითად ბელორუსულ ექსპორტზე ძალაში რჩება.
კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ 2016-2019 წლებში დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების დათბობის წყალობით, ბელორუსებმა ევროპაში დემოკრატიული მომავლის შესაძლებლობა დაინახეს და ამის მიღწევა 2020 წელს ქუჩაში გამოსვლით სცადეს.
ყოფილი პროფესიონალი ფლეიტისტის თქმით, ამ იმედებს რიგითი ბელორუსებისთვის ტურისტული ვიზების აღდგენა და საგანმანათლებლო, კულტურული და პროფესიული გაცვლების განახლება გააძლიერებდა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთი დაკარგავს გავლენას მოვლენებზე მას შემდეგ, რაც 71 წლის ლუკაშენკო გარდაუვალად დატოვებს ბელორუსის პოლიტიკურ სცენას, - დასძინა კოლესნიკოვამ.




