ვის სჯერა რეალურად, რომ რუსეთი უკრაინაში წააგებს? ეს ზღაპარია, სრული ილუზია. არც არის სასურველი, რომ წააგოს და არასტაბილურობა დამყარდეს ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით „წარმოუდგენელი“ ზეწოლაა და მისი გუნდი დღე და ღამე მუშაობს.

„ეს იქნებოდა შესანიშნავი ისტორია: ფულის წართმევა ბოროტმოქმედი პუტინისთვის და მისი გადაცემა კარგი კაცისთვის, უკრაინისთვის. მაგრამ სხვა ქვეყნის გაყინული აქტივების, მისი სუვერენული ფონდების მოპარვა, აქამდე არასდროს მომხდარა. ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ფულზე“, – განაცხადა ბარტ დე ვევერმა.

მისივე თქმით, აქტივები იყინება ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ ქვეყანამ უნდა დათმოს ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ, რათა გამარჯვებულებს ზარალი აუნაზღაუროს. თუმცა, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის დამარცხება „სრული ილუზიაა“.

„ვის სჯერა ნამდვილად, რომ რუსეთი უკრაინაში წააგებს? ეს ზღაპარია, სრული ილუზია. არც არის სასურველი, მან წააგოს და არასტაბილურობა დამყარდეს ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. ვის სჯერა, რომ პუტინი რუსული აქტივების კონფისკაციას მშვიდად მიიღებს? მოსკოვმა შეგვატყობინა, რომ აქტივების ჩამორთმევის შემთხვევაში, ბელგია და მე პირადად, ამის შედეგებს „სამუდამოდ“ ვიგრძნობთ. „ევროქლეარს“ რუსეთში 16 მილიარდი აქვს. რუსეთში არსებული ყველა ბელგიური ქარხანა შეიძლება, წაიღონ. და თუ ბელარუსი და ჩინეთიც დააყადაღებენ დასავლეთის აქტივებს? ყველაფერ ამაზე ვიფიქრეთ? განვიხილეთ? არა, არ გვიფიქრია. ჩემს ევროპელ კოლეგებს ვკითხე, მზად იყვნენ თუ არა ბელგიის წინაშე არსებული რისკების გაზიარებისთვის. მხოლოდ გერმანიამ თქვა, რომ მზად იყო. ამ გაზიარების გარეშე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს საქმე დავბლოკო“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი