აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი ოფიციალურ ვიზიტზე დაიბარეს. საგარეო უწყების განცხადებით, ამის მიზეზი რუსულ მედიასა და წრეებში ბოლო პერიოდში გავრცელებული ისეთი განცხადებები გახდა, რომლებიც აზერბაიჯანის ინტერესებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული.
დიპლომატიური უწყების ცნობით, რუსეთის ელჩს მკაცრი შინაარსის საპროტესტო ნოტა გადაეცემა. ბაქო მიიჩნევს, რომ რუსი პროპაგანდისტებისა და საჯარო პირების რიტორიკა მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ლახავს. აზერბაიჯანული მხარის შეფასებით, მსგავსი ბრალდებები და მიკერძოებული მიდგომები ხელს უწყობს რეგიონში სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვას და არ შეესაბამება ორმხრივი ურთიერთობების დინამიკას.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსი პროპაგანდისტების მხრიდან გაჟღერებული განცხადებები და მედიამასალა კონკრეტულ მუქარებსა და პროვოკაციებს მოიცავდა.
აზერბაიჯანის გენპროკურატურის მტკიცებით, რუსული მედიასივრცის ცალკეულმა წარმომადგენლებმა ღიად გამოხატეს პოზიციები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ძალადობრივ მეთოდებს, ტერორიზმს, აზერბაიჯანის კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალადობრივ შეცვლას უწყობდა ხელს.
ბაქომ მკაცრად დაგმო საუბრები და მსჯელობები აზერბაიჯანის შიდაპოლიტიკურ პროცესებში შესაძლო ჩარევის შესახებ, რასაც რუსი კომენტატორები აჟღერებდნენ.
გავრცელდა ინფორმაცია და შეურაცხმყოფელი მასალები ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისა და ხალხის მისამართით.
გადაცემებში ასევე გაჟღერდა მტკიცებები იმის შესახებ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები თითქოს ვალდებულნი არიან დაემორჩილონ რუსეთის კანონმდებლობას.
აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ, გარდა საგარეო უწყებაში ელჩის დაბარებისა, აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რამდენიმე რუსი მედიაპერსონა და კომენტატორი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. ბაქო მოელის, რომ რუსული მხარე სათანადო ზომებს მიიღებს მსგავსი დესტრუქციული დამოკიდებულებისა და მიუღებელი განცხადებების აღსაკვეთად.




