ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატის ტყეში 6 დღის განმავლობაში დაკარგული 17 წლის მოზარდი მაშველებმა ცოცხალი და უვნებელი იპოვეს. უილიამი, რომელიც თავის პირველ კემპინგზე იმყოფებოდა, პოლიციის ვერტმფრენიდან შეამჩნიეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
17 წლის უილიამი, რომელსაც მეორე დონის აუტიზმი აქვს, 6 ნოემბერს, მელბურნიდან აღმოსავლეთით 180 კილომეტრში მდებარე Walhalla East-ის კემპინგის ტერიტორიიდან გაუჩინარდა. ის და მისი მეგობარი დედამ ადგილზე მიიყვანა, თუმცა მოზარდი უკან, კემპინგის ნივთების მოსატანად გაბრუნდა და გზა აებნა. ის რთულ რელიეფზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ციცაბო ფერდობზე ჩამოცურდა და უკან ასვლა ვეღარ შეძლო.
მოზარდი 6 დღის განმავლობაში რთულ კლიმატურ პირობებში, ღამით 3°C გრადუს ტემპერატურაში იმყოფებოდა. ველურ ბუნებაში მისი გადარჩენა იქვე არსებულმა წყარომ და თან არსებულმა ქათმის ჩიფსების შეკვრამ გახადა შესაძლებელი. სიცივისგან თავის დასაცავად ის თან წაღებულ ორ პირსახოცს იყენებდა.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო ასობით ადამიანი, მათ შორის პოლიციის მყვინთავები, კინოლოგები და ვერტმფრენების ეკიპაჟი. 12 ნოემბერს, ვიქტორიის პოლიციის საჰაერო ფრთამ ჰაერიდან მოზარდის სათევზაო ყუთი შეამჩნია, რის შემდეგაც უილიამი დამშრალი მდინარის კალაპოტთან, კლდეზე შენიშნეს.
მაშველებმა მოზარდი ვერტმფრენში უსაფრთხოდ აიყვანეს და დედას შეახვედრეს. უილიამს მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი და მზისგან დამწვრობა აღენიშნებოდა. სამედიცინო შემოწმების მიზნით, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უილიამის დედამ, ელიზაბეტ ბარკლიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი შვილი თავს კარგად გრძნობს.




