ასეთი განცხადება შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრმა ტელარხ „სიენბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ეს შედარებით მალე მოხდება, მაგრამ ახლა შეუძლებელია. ჩვენ უბრალოდ არ ვართ მზად. ჩვენი ყველა სამხედრო რესურსი ორიენტირებულია ირანის შეტევითი შესაძლებლობების და იმ საწარმოო ინდუსტრიის განადგურებაზე, რომელიც მათ ამ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს“.
რაითის თქმით, საზღვაო ძალები, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე შეძლებენ ტანკერების ესკორტირებას.
„დღეს მოგვიანებით პენტაგონში ვიქნები - სწორედ ამაზე მუშაობს სამხედროები“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
ხუთშაბათს, სპარსეთის ყურეში კომერციულ გემებზე თავდასხმების ფონზე, ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა, საერთაშორისო ნიშნულმა, ბარელზე 100 დოლარს მიაღწია. ვაჭრობის დასრულებისას, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი დაახლოებით 7%-ით, 98.43 დოლარამდე გაიზარდა (თბილისის დროით 17:40 საათისთვის ფასი ბარელზე 99,08 დოლარია - „აიპრესი“).
რაითის კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც სამშაბათს მის სოციალურ ქსელში გამოჩნდა არასწორი პოსტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ საზღვაო ძალები სრუტეში ტანკერს ესკორტირებდა. პოსტი სწრაფად წაიშალა, თუმცა სამშაბათს ნავთობის ფასები 17%-ზე მეტით დაეცა.
3 მარტს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ „აშშ-ის საზღვაო ძალები რაც შეიძლება მალე დაიწყებენ ტანკერების ესკორტს ჰორმუზის სრუტეში“.
ჰორმუზის სრუტეში, რომელიც სპარსეთის ყურეში შესვლისა და გასვლის ერთადერთი გზაა, ამჟამად ტანკერების მოძრაობა პარალიზებულია.
ოთხშაბათს, 30-ზე მეტმა ქვეყანა დათანხმდა ბაზარზე 400 მილიონი ბარელი ნავთობის გატანას მათი რეზერვებიდან, რათა მოეგვარებინათ მიწოდების ფართომასშტაბიანი შეფერხებები. ამ ძალისხმევის ფარგლებში, შეერთებული შტატები სტრატეგიული ნავთობის რეზერვიდან 172 მილიონ ბარელს გაყიდის.
ეს ისტორიაში საგანგებო მარაგების ყველაზე დიდი მოცულობით შემცირებაა, მაგრამ ამ ზომამ ნავთობის ბაზარი ვერ დაამშვიდა. გაურკვეველი რჩება, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და როდის დაუბრუნდება ნავთობისა და გაზის ნაკადი სრუტეში ნორმალურ მდგომარეობას. ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა ბაზრის დარწმუნებას, რომ ომი მალე დასრულდება.
„ამ ოპერაციას კვირები დასჭირდება და არა თვეები“, - განაცხადა რაითმა „სიენბისისთან“ ინტერვიუში.
ირანმა უარყო აშშ-ს მოწოდებები კაპიტულაციის შესახებ და გააფრთხილა, რომ მზადაა ნავთობის ფასი ბარელზე 200 დოლარამდე გაზარდოს.




