აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, აშშ-მ ირანზე, ამერიკული Apache ტიპის ვერტმფრენი ჩამოგდების საპასუხოდ, იერიშები მიიტანა.
CENTCOM-მა იერიშს "პროპორციული პასუხი" უწოდა. მოგვიანებით CENTCOM-მა განაცხადა, რომ ოპერაცია დასრულდა და აშშ-მ ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სახმელეთო მართვის სადგურებსა და სადაზვერვო რადარებს დაარტყა.
"აშშ-ის ძალები კვლავ ფხიზლად და მზადყოფნაში არიან, რათა დაიცვან თავი ირანის გაუმართლებელი აგრესიისგან" - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.
საპასუხოდ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ დრონების გამოყენებით შეუტია აშშ-ს მეხუთე ფლოტს ბაჰრეინში და აღნიშნა, რომ აშშ-ს "აგრესიის" გაგრძელების შემთხვევაში პასუხი "უფრო მკაცრი" იქნება.
მოგვიანებით IRGC-მ აშშ-ს ბაზებზე ქუვეითსა და იორდანიაში დამატებითი თავდასხმების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათი განცხადებით, იორდანიაში შეტევის სამიზნეები F-35 ტიპის გამანადგურებლების ანგარები და მართვისა და კონტროლის ცენტრი იყო.
იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის თავზე ხუთი რაკეტა გაანეიტრალეს, ხოლო ქუვეითმა განაცხადა, რომ მისი საჰაერო თავდაცვის სისტემები "მტრულ საჰაერო სამიზნეებს" ებრძოდნენ.
"ომის გამჩაღებელმა აშშ-ს რეჟიმმა დღეს დილით, ყალბი საბაბებით, რამდენიმე ობიექტს შეუტია ჯასკში, სირიკსა და კეშმში, რის შედეგადაც სირიკში სატელეკომუნიკაციო ანძა დაზიანდა და ქალაქში ორი წყლის რეზერვუარი განადგურდა" - განაცხადა IRGC-მ ირანულ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში.




